კონკურსში „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაა.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა.
კონკურსის მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ასევე ვიზუალური ხელოვნება (ინსტალაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვა).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს.
2021 წელს თბილისი გახდა UNESCO-ს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელის“ (UCCN) წევრი მედია-არტის მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობას აძლევს ამ სფეროში დასაქმებულ ხელოვანებსა და ორგანიზაციებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

„ამ მოვლენამ ასახვა ჰპოვა 2022 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ და გაჩნდა ახალი, პრიორიტეტული მიმართულება – მედია-არტი, რომელიც, თავის მხრივ, ბევრ აქტუალურ მიმდინარეობას მოიცავს“, – აღნიშნავენ მერიაში.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 16 მარტი.
კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ საქართველოში 2019 წელს გაიმართა.