თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 50 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, ასევე არის ფქვილის საკმარისი მარაგი, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ხორბლისა და ფქვილის მარაგის საკითხი წამოიჭრა რუსეთ–უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რომლებიც საქართველოსთვის ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებლები არიან.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, გვაქვს მათთან მუდმივი კავშირი და ამ ეტაპზე სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ არსებობს. არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით, თუმცა ეს საკითხი იმდენად არის დარეგულირებული, რომ დღეს კვების მიმართულებით, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტების მიმართულებით ქვეყანაში მომარაგების პრობლემა არ არის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე როგორც ფქვილის იმპორტის კუთხით, ისე ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში მთავრობა მზად არის მოლაპარაკებებისთვის სხვა ქვეყნებთან, სადაც საქართველო თავის პროდუქციას გაიტანს.
„მთავრობა მიიღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებს, რათა ქართველმა ფერმერებმა შემოსავლის წყარო არ დაკარგონ“, – განაცხადა შამუგიამ.
რაც შეეხება ფქვილისა და ხორბლის ფასებს, მინისტრის თქმით, მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებსაც შესთავაზა კონკრეტული წინადადება და საბოლოოდ მიღებული იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება. ხელისუფლება სთავაზობს ხორბლის შესყიდვების სუბსიდირებას, რათა ფასი კონკურენტული გახდეს და წისქვილებმა კონკურენტულ გარემოში მუშაობა შეძლონ.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.