თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების სფეროში კანონიერი ინტერესების უპირობო გათვალისწინების შემთხვევაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას.
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების – მაკრონისა და პუტინის სატელეფონო საუბარი ორშაბათს საათ-ნახევარი გაგრძელდა.
„ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის კანონიერი ინტერესების უპირობოდ გათვალისწინების შემთხვევაში უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარების, უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ამოცანების გადაჭრისა და მისი ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფის პირობით“, – ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის შესახებ განკარგულებას, 24 თებერვალს კი უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელევიზიით მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „ითხოვს ჩვენგან გადამჭრელ და გადაუდებელ ქმედებებს, დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.