თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. 1 მარტიდან PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცა გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„COVID-19-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენ ტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ, უნდა დარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვის გეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომების და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
PCR ტესტირება ჩაუტარდება საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების თანამშრომლებს.
უწყების ცნობით, კოვიდ-ტესტირების რეჟიმების გადახედვა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა.
„ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება „ომიკრონი“ და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს.
28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 85.122 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.595 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.465-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.605.472-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 14.138 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7.910, PCR–ტესტით – 6.228.
წყარო - ჯანდაცვის სამინისტრო