„ვითიბი ბანკ ჯორჯიას" კლიენტებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება

ოთხშაბათს, რუსეთის მიერ უკრაინის დემილიტარიზავიის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთის VTB ბანკი აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. „ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ყველა ფიზიკურ პირ კლიენტს ამიერიდან „ბაზისბანკი“ მოემსახურება.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. მიმდინარე წლის 24 თებერვლის დილის 6 საათზე რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკები Sberbank, VTB, Sovcombank, Novikombank, Otkritie Bank, Promsvyazbank დასავლეთის სახელმწიფოების სანქციების ქვეშ მოექცა.
„სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა... დღეიდან, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება სს „ბაზისბანკი“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
რეგულატორი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში და ამ პირობებში ასრულებს თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას, იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი.
პარასკევს დილით „ეროვნული ბანკი“ ირწმუნებოდა, რომ მზადაა გაუწიოს დახმარება „ვითიბი ბანკ ჯორჯიას", თუ კი დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გამო მას ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებოდა.
ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ სანქციების გვერდის ავლას, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარყო სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს, აღნიშნულია განცხადებაში.
„ჩვენი, როგორც ნებისმიერი საბანკო ზედამხედველის მიზანი არის ბანკის მეანაბრეების ინტერესების დაცვა და ჩვენი ქმედებები ამას და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, რომ დღეს მნიშვნელოვანია აღიკვეთოს დეზინფორმაციის გავრცელება
„ეროვნული ბანკი ეტაპობრივად გაგაცნობთ ინფორმაციას ქართულ საფინანსო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
„ვითიბი ბანკ ჯორჯიაში" ადრე განაცხადეს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად შემუშავებული იყო მოქმედებების გეგმა სანქციების შემთხვევაში. ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში სებ-ი მზად არის უზრუნველყოს ბანკი შესაბამისი რესურსით.
„ვითიბი“ ბანკი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბანკია და, საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით, ბანკებს შორის მესამე ადგილი უკავია. ბანკი დამოუკიდებელი იურიდიული პირია როგორც ფინანსური, ისე იურიდიული თვალსაზრისით.
ბანკს გააჩნია 410 მლნ ლარის სააქციო კაპიტალი, რასაც ემატება 110 მლნ ლარის სუბორდინირებული სესხები სათავო ბანკიდან და, შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში სრულად დაფაროს კლიენტების ვალდებულებები. მისი მთლიანი აქტივების შეფარდება კლიენტთა სახსრებსა და რეზიდენტი ბანკების დეპოზიტებთან, 1 თებერვლის მდგომარეობით, აღემატება 135%-ს, რომელიც თანხობრივად 565 მლნ ლარს შეადგენს.
წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი