მსოფლიო დღეს

ზელენსკი: უკრაინა მარტო იბრძვის – ვრცელდება ახალი ვიდეომიმართვა

Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. უკრაინა მარტო დარჩა, მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები ვითარებას შორიდან აკვირდებიან, გუშინ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ჩვენ მარტონი ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. ვინ არის მზად, იომოს ჩვენთან ერთად? სიმართლე გითხრათ, ასეთებს ვერ ვხედავ. მე ვეუბნები ყველა პარტნიორს: ახლა მნიშვნელოვანი მომენტია, ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ვეკითხები მათ – ჩვენთან ხართ? მეუბნებიან, რომ ჩვენთან არიან, მაგრამ [ნატოში] ჩვენ მისაღებად მზად არ არიან. დღეს ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში? ყველას ეშინია, არ მპასუხობენ“, − ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში, რომელიც მის ოფიციალურ Telegram-არხზე გამოქვეყნდა.

ამასთან პრეზიდენტმა სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდგომ ქვეყანაში არსებული ვითარება აღწერა და თქვა, რომ რუსი სამხედროები განაგრძობენ უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს, ოპერაციის დაწყების მომენტიდან 137 უკრაინელი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა − როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა რუსულ ენაზე.
„პატივცემულო რუსეთის მოქალაქეებო! დღეს, ღამით გმირი ქალაქი კიევის საცხოვრებელი კვარტლები დაიბომბა. ეს ყველაფერი 1941 წელს ჰგავს. რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც საპროტესტო აქციებზე გამოდის, მინდა ვუთხრა: ჩვენ თქვენ გხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი გაიგონეთ; ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გჯერათ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ!“ − თქვა პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვლის დილით უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღო.