თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უარი განაცხადეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დასწრებაზე და ოპოზიცია უკრაინის თემით პანიპულაციებში დაადანაშაულეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის განკარგულებას, რასაც ოპოზიცია მოითხოვდა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ უკვე განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო არ დაესწრება.
„რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ამ სხდომის ჩატარების რეალური მიზეზი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა ან უკრაინელი ხალხის სოლიდარობა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა, განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ მას წერილობით მამართა და აცნობა, რომ „ქართული ოცნების“ 82 დეპუტატიდან არცერთი არ აპირებს რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას.
საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 61 დეპუტატია. სხდომის გახსნის რეგისტრაციისთვის კი პარლამენტის 76 წევრია საჭირო.
„გამომდინარე აქედან, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც. შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ შემდეგი კვირის სამშაბათს ჩატარდება პარლამენტის მორიგი სხდომა, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება და ყველას ექნება ნებისმიერ საკითხზე თავისი მოსაზრების გამოთქმის საშუალება.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა“.
რუსეთის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.