თბილისი, 24 თებერვალი − Sputnik. რუსეთის მიერ დონბასში სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების საპასუხოდ კიევი მოსკოვთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს თავისუფლებას, რაც უნდა იფიქრონ მოსკოვში“, − განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთი ისევე „ავაზაკურად, თვითმკვლელურად დაესხა თავს“ უკრაინას, როგორც ეს გერმანიამ გააკეთა მეორე მსოფლიო ომში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, დილით გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამ დროისათვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკვე მკაცრად დაგმეს მთელმა რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკომისია „კრემლს პასუხს აგებინებს“ უკრაინაზე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმის გამო. ხოლო ჟოზეპ ბორელის თქმით, ევროკავშირი სწრაფად მიიღებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალ პაკეტს.