რა შემთხვევაშია სასჯელის გადავადება შესაძლებელი: პროკურორის განმარტება

Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. სასამართლოს არ შეუძლია დააკმაყოფილოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თხოვნა განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ, რადგან საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი გრძელდება, განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
სააკაშვილმა სასჯელის აღსრულების გადავადების თხოვნით სასამართლოს ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიმართა.

„მსჯავრდებულ სააკაშვილს სურს, რომ მას სასჯელი გადაუვადდეს. მინდა განვმარტო, რომ საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია სამართალწარმოების პროცესი დასრულებული იყოს, ჩვენ საქმეზე კი სამართალწარმოება მიმდინარეობს“, – განაცხადა ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
სააკაშვილის სასამართლო: „ნაცმოძრაობის“ საპროტესტო აქცია ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად
საქმის მასალების თანახმად, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.