მორჩილის ცემაში ბრალდებულ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ სასულიერო პირს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე დაკავებულ სასულიერო პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 თებერვალს სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება და სცემს ანაფორაში გამოწყობილ ერთ მამაკაცს სხვა ანაფორიანი მამაკაცი. მედიის ინფორმაციით, ილარიონ გიგოლაშვილი სასტიკად გაუსწორდა პიროს (როინ) მუმლაძეს. ინციდენტი თბილისში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ერთ-ერთი კვების ობიექტის ტერიტორიაზე მოხდა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ილარიონ გიგოლაშვილმა, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პიროს მუმლაძის მიმართ განახორციელა დამამცირებელი მოპყრობა, კერძოდ, ძალადობის მუქარით ამ უკანასკნელს გაპარსა წვერი, გახადა სასულიერო პირის შესამოსელი, რითაც ის ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა.
გიგოლაშვილი მუმლაძეს რამდენჯერმე გაუსწორდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ კვლავ ჩაიცმევდა სასულიერო პირის შესამოსელს. ამ მიზნით მან თვითნებურად გახადა, წაართვა და აუკრძალა მისი ჩაცმა.
ბრალდებულმა ასევე უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მუმლაძის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია ვიდეოჩანაწერების სახით, შემდეგ კი ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელა.
სამართალდამცველებმა ილარიონ გიგოლაშვილი 21 თებერვალს დააკავეს.
საპატრიარქო მორჩილის ცემის სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს >>
შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო.
ნაცემმა მუმლაძემ ტელეარხ „რუსთავი2“-თან განაცხადა, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მუმლაძე გიგოლაშვილს მამაკაცებისადმი ლტოლვაში გამოუტყდა და უამბო, რომ ქუთაისში ყოფნისას ერთ-ერთ მამაკაცს სექსი შესთავაზა. მისი თქმით, ცემის ფაქტი რამდენჯერმე გამეორდა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა