თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. გურიისა და აჭარის რეგიონებში 12 ვეტერინარული ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
სახელმწიფო კონტროლი 49 ობიექტში, მათ შორის, ვეტერინარულ აფთიაქებში, კლინიკებსა და ზოომაღაზიებში განხორციელდა.
სააგენტოს ცნობით, 12 ობიექტი ვადაგასული პრეპარატების, ეტიკეტირების, შენახვისა და რეალიზაციის წესების დარღვევისთვის, აგრეთვე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. აღნიშნული კონტროლი ხელს უწყობს უხარისხო და ვადაგასული პრეპარატების ქსელიდან ამოღებას, მოსახლეობისა და ფერმერების ინტერესების დაცვას.
გასულ წელს 628 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, საიდანაც 144 შემთხვევაში შეუსაბამობები გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გაატარა.
წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო