მსოფლიო დღეს

განცხადება გაეროში: უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გაუქმება მოითხოვა

Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი − Sputnik. უკრაინა რუსეთისგან მოითხოვს, გააუქმოს თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება და მოსკოვი დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას დონბასში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი კისლიცამ.

„მოვითხოვთ რუსეთისგან დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების გაუქმებასა და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას. ჩვენ ვგმობთ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის დამატებითი საოკუპაციო ძალების განთავსების შესახებ ბრძანებას“, − განაცხადა კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ორგანიზაციის საიტზე გადაიცემოდა.

როგორც უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინა მხარს უჭერს კონფლიქტის დარეგულირებას დონბასში მინსკის შეთანხმებების საფუძველზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 21 თებერვალს ტელემიმართვისას განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის დაუყოვნებელი აღიარება. მიმართვის დასრულებისთანავე მან ხელი მოაწერა ბრძანებულებებს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის შესახებ. ამასთან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, უზრუნველყონ მშვიდობა ადგილებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა და „ნორმანდიული ოთხეულისა“ და ეუთოს სამიტის ინიციატივა წამოაყენა.