თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 1 მარტიდან ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამსუბუქებს, განაცხადა პანდემიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.
დღემდე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ ვაქცინაციის მოწმობის ან PCR–ტესტის უარყოფითი შედეგის გარეშე, 8-დღიანი თვითიზოლაციის გავლა ევალებოდათ. ტესტის პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში კი ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კორონავირუსზე PCR–ტესტის განმეორებით ჩაბარება იყო საჭირო.
„მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითიზოლაცია ხუთ დღემდე მცირდება, ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში შემოდის PCR–ტესტით, მას ეხსნება 72 საათში ტესტის განმეორებით გაკეთების ვალდებულება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველო, მიუხედავად არასტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, ღიაა ვიზიტორებისთვის. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელებისთვის მოქმედებს შემოსვლის გამარტივებული წესები – გარკვეული რეგულაციების დაცვის პირობით.