COVID-19 - ბოლო ცნობები

ვაქცინა გვიცავს – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემები

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღია.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ვაქცინა ეფექტურია და კორონავირუსით ინფიცირებისას სიკვდილისგან 94,28%-ით იცავს, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის განცხადებაში.
ვაქცინა კრიტიკული მდგომარეობისგან იცავს 94,14% შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციისგან – 90,56%, ინფიცირებისგან – 86,99% შემთხვევაში. ასეთია დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდის ანალიზის მონაცემები.

„ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა – დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, რადგან 10,5-ჯერ ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს, 17-ჯერ ამცირებს ინტენსიური მოვლის ან რეანიმაციის რისკს, 28-ჯერ ამცირებს სიკვდილის რისკს“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

რაც შეეხება ბუსტერ–დოზას, ის მნიშვნელოვნად ზრდის დაცვას კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონისგან“.
ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და დაბეჯითებით აცხადებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი აცრაა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 2.797.346. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.240.595 ადამიანი (მოსახლეობის 43,2%), ბუსტერ–დოზა გაიკეთა 207.533-მა მოქალაქემ.