საქართველოს 50-ზე მეტმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ პუტინს მიმართა

წერილის ავტორები რუსეთთან დიალოგსა და მჭიდრო თანამშრომლობას უჭერენ მხარს
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. საქართველოს 50-ზე მეტმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართა.
წერილის ავტორები არიან - საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მხარდამჭერები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ, რათა „თუნდაც მცირედი, მაგრამ ხელშესახები წვლილი შეიტანონ რეგიონული უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ფორმირების საქმეში“.
„გვესმის რა, რომ რუსეთთან დაპირისპირება საქართველოსთვის დამღუპველია, ჩვენ - 53 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია - გავერთიანდით ერთიან პატრიოტულ ფრონტად, საჯაროდ მოვაწერეთ ხელი საქართველოს სრული სამხედრო ნეიტრალიტეტის დეკლარაციას და საქართველოს ხელისუფლებისგან ვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას“, - ნათქვამია წერილში.
როგორც წერილის ავტორები აღნიშნავენ, ისინი ისწრაფვიან რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ, რადგან აცნობიერებენ, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონულ, ვერც, მით უმეტეს, გლობალურ გამოწვევებს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის აგებას, რომელიც მხარეთა ინტერესების ურთიერთპატივისცემასა და სამართლიანობას ეფუძნება - თანაც ფუნდამენტური მიდგომა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც საქართველო და უკრაინა არიან, ჩვენი აზრით, უნდა იყოს სამხედრო ნეიტრალიტეტი“, - აღნიშნულია ღია წერილში.
წერილის ავტორთა აზრით, საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რაზეც მეტყველებს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირთა საჯარო განცხადებები იმაზე, რომ „აშშ-ის პოზიცია არის საშინაო დავალება საქართველოს ხელისუფლებისთვის“.
„ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ, რეგულარულად უთმობს თავის ტერიტორიას ნატოს წვრთნების ჩასატარებლად, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის პირდაპირი გამოწვევა“, - ნათქვამია წერილში.
წერილის ავტორები აღნიშნავენ ასევე, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია უცხოური ორგანიზაციების ქსელშია გახვეული, რომლებიც ცრუ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებენ და ნატოში საყოველთაო მისწრაფების სურათს ხატავენ.
როგორც წერილშია აღნიშული, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა თემაზე 2020 წელს პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა. გამოკითხვის ფარგლებში კითხვარი 1,2 მილიონმა ადამიანმა შეავსო, 900 ათასმა ადამიანმა კი აუდიო-ინტერვიუ ჩაწერა.
„ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ნათელი გახდა, რომ მოსახლეობის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და 69,4% მხარს უჭერს სამხედრო ნეიტრალიტეტს, 75,8% კი რუსეთთან დიალოგს“, - ნათქვამია წერილში.
წერილის სრული ტექსტი სოციალურ ქსელში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა.
მათ შორის, ვინც წერილს აწერს ხელს, არიან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ქართული მარში“, „ნეიტრალური საქართველო“, „საქართველოს ემიგრანტების მსოფლიო ალიანსი“, პოლიტიკური მოძრაობა „არჩევნებისთვის“, „გენერლები საქართველოსთვის“, „მოძმე მუსლიმი და ქრისტიანი ძმები საქართველოსთვის“.
წყარო - ირმა ინაშვილის Facebook-გვერდი