დიზაინერ გიორგი მასხულიას ინფორმაციით, გუშინ, ღამით კლუბ „ოთახში“ სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მასხულია თავდამსხმელების დაკავებას და დასჯას ითხოვს.
დიზაინერი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და აცხადებს, რომ პოლიცია დანაშაულზე არ რეაგირებს.
„სასწრაფოდ სამივე მომიყვანეთ და დაიჭირეთ. „ჰელსიკორის“ საავადმყოფოში ვარ. ვატარებ კონკურსებს, ვემსახურები საქართველოს კულტურას და თავს მესხმიან, ამის ღირსი არ ვარ“, – აცხადებს გიორგი მასხულია ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
მოგვიანებით დიზაინერმა დაწერა, რომ თავდამსხმელებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში კლუბის დაცვაც ეხმარებოდა და მას ეუბნებოდნენ, „ეს მავანისგანო“.
„რა დავუშავე ამ კაცს, 5 წელია, მეტი, რაც ჟურნალისტურ დევნას ახორციელებს ჩემზე. სამართალი არ არსებობს, რა უნდა ჩემგან ამ ადამიანს, რას მერჩის, მიიღეთ ზომები, დამიდექით გვერდით, გთხოვთ, ხალხნო, ნუთუ არ დაიღალეთ ხალხის ბულინგით, ცემით, მკვლელობით, მაინცდამაინც თავი მოვიკლა ამ ადამიანის გამო?! გთხოვთ, დამიდექით გვერდით“, – წერს მასხულია.
გიორგი მასხულია ჟურნალისტ ლევან კვარაცხელიას გულისხმობს, რომელიც „რობერტო მავანის“ ფსევდონიმით არის ცნობილი საზოგადოებაში.