თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ბაკურიანმა FIS-ის ეგიდით პარალელურ გიგანტურ სლალომში ევროპის თასის ორ ეტაპს უმასპინძლა.
პირველი ეტაპის გამარჯვებული მამაკაცთა შორის შვეიცარიელი დარიო კავიცელი გახდა, ხოლო მეორე ეტაპის – შტეფან ბაუმეისტერი გერმანიიდან. რაც შეეხება ქალთა შეჯიბრებას, ტურნირის პირველ დღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ლადინა ჯენი შვრიცარიიდან, მეორე ეტაპზე კი ავსტრიელმა საბინა შოფმანმა გაიმარჯვა.
შეჯიბრებებში სულ 11 ქვეყნის დაახლოებით 60 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს რევაზ ნაზღაიძე წარმოადგენდა.
„ორი ეტაპის ჩატარების შემდეგ დარწმუნებული ვარ – საქართველო და საორგანიზაციო კომიტეტი მზად არიან მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად“, – განაცხადა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) წარმომადგენელმა კრისტოფერ ბეხუნეკმა.
ევროპის თასის ორი ეტაპის გარდა, ბაკურიანი მსოფლიო თასის ორ ეტაპსაც უმასპინძლებს. სამთო კურორტზე მარტის დასაწყისში (3–6 მარტს) გაიმართება შეჯიბრება სლოუპსტაილის(slopestyle) დისციპლინაში.
ევროპისა და მსოფლიო თასების ეტაპები საქართველოსთვის ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სატესტო შეჯიბრებებად განიხილება.