მსოფლიო დღეს

ბაიდენი და პუტინი სამიტის ჩატარებას დათანხმდნენ: დასახელდა პირობა

Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თანახმაა, შეხვდეს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს, იუწყება თეთრი სახლი.

„პრეზიდენტი ბაიდენი პრინციპულად დაეთანხმა პრეზიდენტ პუტინთან კვლავ შეხვედრას, თუ შეჭრა არ მოხდება“, − ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-მდივან ჯენ პსაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პრეს-მდივანმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის 24 თებერვალს დაგეგმილი კონტაქტების გაგრძელებად განიხილება.
მანამდე ელისეს სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს სამიტის ჩატარება შესთავაზა, რასაც ორივე მხარე დათანხმდა.
„[მაკრონმა] სამიტის ჩატარება ჯერ პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შესთავაზა, შემდეგ კი ევროპაში უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებით დაინტერესებულ ყველა მხარეს. ბაიდენმა და პუტინმა ასეთი სამიტის იდეა პრინციპში მიიღეს“, − აღნიშნულია ელისეს სასახლის განცხადებაში.
აღინიშნება, რომ სამიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.
რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ ესკალაციის გეგმები არ აქვს და არავის ემუქრება. გასულ კვირაში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სწავლებების შემდეგ რუსული ქვედანაყოფების ერთი ნაწილი დისლოკაციის ადგილებს უკვე დაუბრუნდა, მეორე ნაწილი კი უახლოეს პერიოდში დატოვებს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს. მიუხედავად ამისა, დასავლური პრესა კვლავ წერს, რომ მოსკოვი გარკვეულ პროვოკაციებს ამზადებს უკრაინაში.