წყალბურთი: საქართველოს ნაკრები შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

ქართველებმა სლოვაკებს საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო და შესარჩევ B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მატჩი დღეს თბილისში გაიმართა.
ქართველმა წყალბურთელებმა ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება გუშინვე მოიპოვეს, როდესაც პოლონეთი 22:1 ანგარიშით დაამარცხეს. მანამდე ქართველებმა ბელარუსი 25:5 გაანადგურეს.
დღეს საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 18:16 დაამარცხა სლოვაკეთის გუნდი, რომელმაც ამ წაგების შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, სადაც მე-12 ადგილი დაიკავეს, 2016 წელს მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018 წელს მე-13 ადგილი აიღეს, 2020 წელს კი ნაკრებმა მე-10 ადგილი დაისაკუთრა, რაც საქართველოს წყალბურთის ნაკრების საუკეთესო შედეგია.
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ხორვატიის ქალაქ სპლიტში, 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაიმართება.