თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ სამხატვრო გალერეაში 25 თებერვლიდან 20 აპრილის ჩათვლით 1910-1932 წლების ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი გამოიფინება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იმ პერიოდის ისეთი გამოჩენილი მხატვრები, როგორიცაა: ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, მიხეილ გოცირიძე, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი, ალექსანდრე შერვაშიძე, დიმიტრი შევარდნაძე, ირინე შტენბერგი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, იგორ ტერენტიევი, დავით კაკაბაძე, ალექსანდრე ზალცმანი, დიმიტრი კვირიკაშვილი, იოსებ შარლემანი, ზიგმუნდ (ზიგა) ვალიშევსკი, კლარა კვესი, ალექსეი კრუჩონიხი, იოსებ გაბაშვილი, ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, სერგეი გოროდეცკი, კოლაუ ჩერნიავსკი, რენე შმერლინგი, მიხეილ ჭიაურელი, სერგეი სუდეიკინი, საველი სორინი, ემა ლალაევა-ედიბერიძე, თამარ თავაძე, ოლღა კონიაშვილი, ვოლდემარ ბობერმანი.
„ამ ერთმანეთისგან განსხვავებული ათწლეულების მოდერნიზმისა და ავანგარდის ერთ საგამოფენო სივრცეში განთავსება უაღრესად განსხვავებული მასალით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენი, კურატორების, სურვილია საზოგადოებას, რაც შეიძლება ბევრი მასალა ვუჩვენოთ - ნაცნობიც და უცნობი“, -აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ორგანიზატორებმა გამოფენისთვის მიმართეს ასიმეტრიული ექსპოზიციის პრინციპს. გამოყენებულია დიმიტრი შევარდნაძის მიერ ამ სივრცეში 1919-1920 წლებში გამართული პირველი გამოფენების მოწყობის მეთოდი, რომლის ფოტომასალა ჩართულია ექსპოზიციაში, ასევე გამოყენებული იყო მოდერნისტული და ავანგარდული ხელოვნების თანამედროვე გამოფენების მოწყობის მეთოდოლოგია.
წყარო - საქართველოს ეროვნული მუზეუმი