„თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“: საქართველოში დამწყებ მწერლებს დაეხმარებიან

პროგრამა ითვალისწინებს დამწყები ლიტერატორების ნამუშევრების პროფესიონალურ შეფასებას
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართვლოში UNESCO-ს პროექტ „თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც საკუთარი ნაწარმოები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
დამწყებ მწერლებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი ტექსტები პროფესიონალი ავტორის, რედაქტორისა და შემოქმედებითი წერის სპეციალისტისგან შემდგარ გუნდს გაუზიარონ. ფინალში ჟიური 10 საუკეთესო ნაშრომს შეარჩევს, ინდივიდუალურად მიმოიხილავს მათ და ტექსტების ავტორებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარება, ნათქვამია პროექტის ავტორების განცხადებაში.
„პროგრამა მათთვისაა, ვინც წერს, ვისაც ახლა სურს მწერლობაში ძალების მოსინჯვა, თუმცა, ვიდრე გამომცემლობებს მიაკითხავენ, თავიანთი შემოქმედების შესახებ პროფესიონალთა აზრი აინტერესებთ. პროგრამის მიზანია, ადამიანებმა, რომელთაც რედაქტორთან ან ლიტერატურული სფეროს სხვა სპეციალისტებთან არ ჰქონიათ შეხება, პირველად მიიღონ მათთან თანამშრომლობის გამოცდილება“, - განაცხადა პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მენეჯერმა ლუკა გრიგოლიამ.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნაწარმოებები 28 თებერვლის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: info@tbilisiwbc.ge. პროზაული ნაწარმოები უნდა მოიცავდეს 10-დან 20 გვერდამდე ტექსტს.
არსებობს ორი მნიშვნელოვანი პირობა: პირველი - ავტორი უნდა იყოს სრულწლოვანი, მეორე - კონკურსანტს არ უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული არცერთი ნაწარმოები არც ბეჭდური და არც ციფრული სახით.
17 წლის ქართველის წიგნი „ამაზონზე“ და გუნდი, რომელთან ერთადაც „კარნეგი ჰოლში“ გამოვა >>
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ იუნესკოს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში სისტემატურად იმართება სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებითი პროექტი და ღონისძიება.
წყარო - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“