რა ელის უკრაინას, თუ ბირთვული იარაღის შექმნას შეეცდება: ექსპერტის მოსაზრება

Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. უკრაინა ერთმნიშვნელოვნად აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში და გაეროს სანქციების ქვეშ მოხვდება, თუ ის საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას შეეცდება, ამასთან მდგომარეობა ქვეყნის შიგნითაც საგრძნობლად გაუარესდება — კიევს მოუწევს ყველა ატომური ელექტროსადგურის გაჩერება, რადგან საწვავის იმპორტზე აკრძალვა დაუწესდებათ, განუცხადა РИА Новости-ს ატომური ენერგიის პორტალ AtomInfo.ru-ს მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ უვაროვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შაბათს მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილეთა მოლაპარაკებებს წამოიწყებს. მისი თქმით, თუ მოლაპარაკებები არ შედგება, ან შედეგად კიევი უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, „უკრაინას ექნება სრული უფლება მიიჩნიოს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და 1994 წლის ყველა პაკეტური გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დადგება“.
რა მოხდება, თუ კიევის ბუდაპეშტის მემორანდუმიდან გავა: ექსპერტის მოსაზრება
„უკრაინის არაბირთვული სტატუსი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებაში (NPT) მისი მონაწილეობით განისაზღვრება, რომელსაც იგი 1994 წელს შეუერთდა. NPT-ს შესაბამისად, ბირთვული იარაღის ფლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ის 1967 წლამდე შექმნეს და გამოსცადეს. უკრაინა მათ რიცხვში არ შედის“, —განმარტა უვაროვმა.
ამასთან მან პროგნოზიც გააკეთა, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო საზოგადოება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას NPT-დან გასვლის გარეშე დაიწყებს.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), უკრაინის ტერიტორიაზე საინსპექციო საქმიანობისას სამხედრო ბირთვული აქტივობის ნიშნებს გამოავლენს და ამის შესახებ თავის პოლიტიკურ ორგანოს აცნობებს. ის, თავის მხრივ, მოხსენებას ან მოხსენებებს გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს. ეს კი არის ორგანო, რომელსაც აქვს ყველაზე ფართო უფლებამოსილებები სახელმწიფოების იძულების სფეროში, საერთაშორისო სანქციებისა და ძალის გამოყენების ჩათვლით“, — განაცხადა უვაროვმა.
თუ უკრაინა NPT-დან გასვლის თაობაზე განაცხადებს (ხელშეკრულების X მუხლი ამის საშუალებას იძლევა), მაშინ მისი გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოში განხილვის საგანი გახდება, სადაც უკრაინის არგუმენტები ყოვლისმომცველ განხილვას დაექვემდებარება, დასძინა ექსპერტმა.
„თუ არგუმენტაცია არასაკმარისად ჩაითვლება, მაშინ უშიშროების საბჭომ შეიძლება უკრაინის წინააღმდეგ იძულებითი ზომების შემოღება დაიწყოს, მათ შორის სანქციები და ძალის გამოყენება“, — აღნიშნა უვაროვმა.
ამასთან ექსპერტის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბირთვული ტექნოლოგიების მსოფლიოს ყველა წამყვანი მიმწოდებელი გაერთიანებულია მიმწოდებელთა არაფორმალურ ჯგუფში, რომლის წესები პრაქტიკულად მთლიანად ზღუდავს თანამშრომლობის შესაძლებლობას მშვიდობიან ბირთვულ სფეროში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ არიან NPT-ის მონაწილეები.
„ამგვარად, NPT-დან გასვლის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება შეაჩეროს თავისი ატომური ელექტროსადგურები, რადგან ეს ქვეყანა 100%-ითაა დამოკიდებული ბირთვული საწვავის იმპორტზე, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ შეიძლება შეწყდეს“, — თქვა უვაროვმა.
„დავამატებ, რომ NPT-ს მონაწილე ყველა ქვეყანა, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ (რუსეთი, შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი) ერთიანია სურვილში, არ დაუშვან ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელება. ამიტომ უკრაინას არ უნდა ჰქონდეს დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი თავის ბირთვულ მისწრაფებებში. ატომური ბომბის შექმნის მცდელობა აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ უკრაინა გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე ახლაა და საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდება“, — დაასკვნა ექსპერტმა.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ კიევმა მნიშვნელოვანი ბირთვული არსენალი მიიღო მემკვიდრეობით. თუმცა1994 წელს უკრაინამ, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ბუდაპეშტის მემორანდუმს — საერთაშორისო შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინის NPT-თან მიერთებასთან დაკავშირებით. მემორანდუმის თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული არსენალი განადგურდა, ხოლო ბირთვულმა სახელმწიფოებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.