დიდუბეში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ადამიანი დაჭრის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს თბილისში, მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც დაკავებულმა სამ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური