თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კრიპტოვალუტის საფონდო ბირჟის დაფუძნების საკითხი განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives Exchange) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან სემ ბენკმან-ფრიდთან.
„საქართველოს ადგილმდებარეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში Twitter-ში.
საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში ძალიან პოპულარულ საქმიანობად იქცა.
კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.