თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი წესები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სრულიად აიკრძალა არარეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რეგისტრაციას ექვემდებარება პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.
გამონაკლისს წარმოადგენს ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატური იარაღი (paint ball).
რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. მოქალაქე ვალდებულია, პნევმატური იარაღი შეინახოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გამოირიცხოს მასთან გარეშე პირთა დაშვება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი.
პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში. გამონაკლისია ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები.
პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ტარების წესების დარღვევისას ჯარიმა შეადგენს 300 ლარს, სროლა დასახლებულ ტერიტორიაზე - 500 ლარი. ნებისმიერი ჯარიმის შემთხვევაში იარაღის კონფისკაცია მოხდება.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური