თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სურს მოიპოვოს სრული ძალაუფლება ქვეყნის ყველა რეგიონსა და ქალაქში, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველმა ძალამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა ექვსი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოებში: წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, რუსთავში, სენაკში, ზუგდიდსა და ბათუმში.
„ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმრავლესობა უზრუნველვყოთ იმ საკრებულოებში, სადაც ამ ეტაპზე არ გვაქვს უმრავლესობა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამ ეტაპზე 2 აპრილის არჩევნებზე უმრავლესობის ბედი წყდება ბათუმის საკრებულოში, სადაც მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.
თუ მმართველი ძალის კანდიდატი გაიმარჯვებს, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ექნება საკმარისი ხმები უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ თუ ოპოზიციის კანდიდატი გავა, მაშინ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას დარჩება.
დანარჩენ ხუთ ქალაქში, წალენჯიხის გარდა, მერები არიან მმართველი ძალის წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს მხარდაჭერა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფორმების გასატარებლად სჭირდებათ.