საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე ამ დროისათვის დასრულებულია 9-კილომეტრიანი გვირაბის 770 მეტრი, ასევე საევაკუაციო გვირაბის 2,6 ათასი მეტრი მონაკვეთი, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო–გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ "საცობში" დგომა.

„ამ დროისათვის მთავარ გვირაბში TBM-ის დანადგარით უკვე 770 მეტრი გაბურღულია და მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი. პარალელურ რეჟიმში საევაკუაციო გვირაბში მიმდინარეობს ბურღვითი და დროებითი სამაგრის მოწყობის სამუშაოები", – ნათქვამია განცხადებაში.

გვირაბის მშენებლობისთვის სპეციალურად დამზადდა საბურღი აღჭურვილობა – გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM (Tunnel Boring Machine). იგი გამორჩეულია იმით, რომ ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას.
პროექტი ჩრდილოეთი–სამხრეთის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს.
2022 წლის რეკორდი: სამი გრანდიოზული პროექტი საქართველოში
პროექტის თანახმად, ახალი გზის ზონაში მოქცეულია სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.
არსებული გზის სიგრძე ამჟამად 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.
პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება კურორტ გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, რომლის მეშვეობითაც გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისგან.
ქვეშეთი–კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია. მშენებლობას აფინანსებენ აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები, სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი