თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის ახალი „ომიკრონ" შტამი, რომელიც ზრდასრულებში შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ბავშვებში საკმაოდ რთულად ვლინდება, განაცხადა ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 15% ბავშვია, მათი უმეტესობა კი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
„ომიკრონის“ შტამმა შეცვალა კორონავირუსის არსებული რეალობა. უმეტეს შემთხვევაში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ რჩება მძიმე შემთხვევები, გართულებები. სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი" ბავშვებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, რაც ყურადღების მიქცევას საჭიროებს", – განაცხადა ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია 2021 წლის 11 ოქტომბრიდან დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.
მანამდე აცრა 16 წელს ზემოთ პირებს უტარდებოდათ. მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ Pfizer-ის პრეპარატით არის დაშვებული.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ერთი დოზით აცრილია 12-დან 15 წლამდე 3.997 მოზარდი, სრულად ვაქცინირებულია 3.022.
ქვეყანაში „ომიკრონ" შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.
წყარო: Rustavi 2