თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილიდან შეუძლოდ მყოფი ასაკოვანი ქალი ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადმოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ შატილში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.
საავტომობილო გზის არარსებობის გამო აღნიშნულ ლოკაციაზე მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან გაფრინდნენ.
ამ დროისთვის ასაკოვანი ქალი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.