ილია მეორე თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

67 წლის მეჭიაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით ორი კვირის წინ შეიყვანეს, მას ფილტვების 85% ჰქონდა დაზიანებული.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დიდია გულისტკივილი ბატონ თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო, დაგვტოვა ქვეყნისა და მოყვასის გულშემატკივარმა, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით 15 თებერვალს გარდაიცვალა.
„წავიდა უფლის მოყვარული, ძლიერი და ერთგული პიროვნება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში სერიოზული კვალი დატოვა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მის ახლობლებს და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ბატონი თამაზისათვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
67 წლის მეჭიაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით ორი კვირის წინ შეიყვანეს, მას ფილტვების 85% ჰქონდა დაზიანებული და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე გადიოდა მკურნალობის კურსს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თამაზ მეჭიაური 1995–2004 წლებში იყო საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2012–2016 წლებში – მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
მან მმართველი პარტია „ქართული ოცნება" 2016 წლის მაისში, საპარლამენტო არჩევნების წინ დატოვა და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეჭიაურმა სახელისუფლებო კანდიდატი დაამარცხა და თიანეთის მერი გახდა.
წყარო - საქართველოს საპატრიარქო