თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2023 წლისთვის საგადასახადო შეღავათების ნაწილის გაუქმებას გეგმავს, განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
„სავალუტო ფონდის და USAID-ის დახმარებით გასულ წელს დავიწყეთ ქვეყანაში არსებული საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესწავლა. საუბარია დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის შეღავათზე. მიმდინარე წელს დავასრულებთ ამ შეღავათების რაოდენობრივ შეფასებას და მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს დავურთავთ. ეს შესაძლებელს გახდის შემდეგ შეღავათების ოპტიმიზაციას“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან მინისტრს არ დაუკონკრეტებია, შეღავათების რა ნაწილის გაუქმებას განიხილავს ფინანსთა სამინისტრო.
ივნისში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ საგადასახადო შეღავათების მოცულობამ 2021 წელს დაახლოებით 2 მილიარდი ლარი შეადგინა.
საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა და დამატებითი საგადასახადო შეღავათები ოპოზიციისა და ბიზნესის მთავარ მოთხოვნებს წარმოადგენს. დღეისათვის ქვეყანაში მოქმედებს არაერთი საგადასახადო შეღავათი, რომელიც ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს.
კორონავირუსის პანდემიის დროს 33 ათას კომპანიას საგადასახადო შეღავათები შეეხო. დახმარება გაეწია ტურიზმის, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებს.