დავითაშვილი: სოციალურად დაუცველ პირებს დასაქმების შემთხვევაში ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ

საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პრაქტიკა ათწლეულებია წარმატებით ხორციელდება ევროპის ბევრ ქვეყანაში.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდებიან, ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდება. დღეისათვის სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე 600 ათასი მოქალაქიდან შრომისუნარიანი 200 ათასზე მეტი ადამიანია. ზოგი მათგანი არაოფიციალურადაა დასაქმებული, რადგანაც მათ სახელმწიფო დახმარების დაკარგვის ეშინიათ.

„ოთხი წლის განმავლობაში მათ გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ ყველა ის დახმარება, რაც მანამდე ჰქონდათ. შესაბამისად, მათ დღეს აღარ აქვთ რისკი, რომ ან დამალონ თავიანთი სამუშაო, ან უარი თქვან სამუშაოს შეთავაზებაზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ის ბენეფიციარები, რომლებიც დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მოისურვებენ მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ.
საუბარია საზოგადოებრივ სამუშაოებზე.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ გარკვეული უნარ-ჩვევები, რაც მათ სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციაში გამოადგებათ.
საქართველოში 1 მარტიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ამოქმედდება>>>
მინისტრის თქმით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პრაქტიკა ათწლეულებია წარმატებით ხორციელდება ევროპის ბევრ ქვეყანაში.
მთავრობაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო პროგრამის ბევრი მონაწილე კერძო სექტორში დასაქმდება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა კვლავინდებურად არის ადამიანების კერძო სექტორში დასაქმება საუკეთესო პირობებით. რა თქმა უნდა, ეს მალე არ მოხდება, ჩვენ ვერ შევძლებთ ერთ დღეში და ვერც 1 მარტამდე 50 ათასი დასაქმებული მივიღოთ, მაგრამ ეს პროცესი დაიწყება მარტში და მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ხელისუფლება პირველ ეტაპზე 100 ათასამდე სოციალურად დაუცველის დასაქმებას გეგმავს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 648.176 პირი (175.716 ოჯახი) იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.