თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ყველა პროგნოზის თანახმად, პოსტპანდემიურ პერიოდში ინფლაცია საქართველოში უნდა დასტაბილურდეს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
იანვარში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13,9% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. მაღალი ინფლაციის მიზეზთა შორის მინისტრმა დაასახელა პანდემიით გამოწვეული ჩავარდნები მიწოდებების ჯაჭვში, ასევე ლოგისტიკური პრობლემები. სურსათის ფასი მსოფლიოში 28%-ით გაიზარდა, გაძვირდა ენერგომატარებლებიც.
„ლოგიკური ახსნა აქვს იმას, რომ ასეთი მაღალი ინფლაციის პირობებში მოგვიწია ცხოვრება. ყველა მოლოდინით, ინფლაცია უნდა დასტაბილურდეს. პოსტპანდემიური პერიოდი გულისხმობს იმას, რომ ინფლაცია რეალურად უნდა დაბალანსდეს და, შესაბამისად, ჩვენ ინფლაციის ეს მაღალი მაჩვენებელი აღარ გვექნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, რეგიონის სხვა ქვეყნებში ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, თურქეთში – დაახლოებით 80%.
ამ ვითარებაში ეკონომიკის მინისტრმა ეროვნული ბანკის პოლიტიკას სწორი უწოდა. რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-მდე არის გაზრდილი. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
„ის, რასაც ჩვენი ეროვნული ბანკი აკეთებს, არის კლასიკური მიდგომა. საწინააღმდეგო მიდგომამ, რომელიც შეიძლება ასევე საფუძვლიანი ყოფილიყო, პრაქტიკაში თითქმის არსად არ იმუშავა, კიდევ უფრო დააჩქარა ინფლაცია და ვერ გადაფარა ის“, – განმარტა დავითაშვილმა.
მისი თქმით, „ჩვენც რეალისტები ვართ და სიტუაცია უნდა გვესმოდეს, რა წარმოების უნარი გვაქვს, რა ტიპის ეკონომიკა და ა.შ.“
ინფლაციის შემცირების პირობებში ეროვნულმა ბანკმა შეიძლება დაბლა დაწიოს რეფინანსირების განაკვეთი.
„ანუ ფულიც უნდა გაიაფდეს და ამ შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი სტიმული ეკონომიკის განვითარების“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. 2021 წლის მარტიდან კი კვლავ ზრდა დაიწყო.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ინფლაციის გრძელვადიანი მაღალი მაჩვენებლები არ ზრდიდა ინფლაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
მარეგულირებლის პროგნოზით, ინფლაციის დონე საქართველოში 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწევს.