ფოთში ახალშობილის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი წარედგინა: შემზარავი დეტალები

ადვოკატის ინფორმაციით, ქალი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ ბავშვის დედას ბრალი წარედგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
ქალს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით წარედგინა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი იცავს. მისი თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს ფოთში დ.კ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამის შემდეგ მილები რამდენიმე დღის განმავლობაში გაჭედილი იყო და მილების გასაწმენდად სანტექნიკოსი გამოიძახეს.
აღსანიშნავია, რომ სანტექნიკოსის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, ის სწორედ ამ ქალმა გამოიძახა და მის გვერდით იყო იმ დროს, როდესაც მან მილში ჩვილის ცხედარი იპოვა. ხელოსნის თქმით, პოლიციაც ამ ოჯახმა გამოიძახა.
სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
ქალს გუშინ გინეკოლოგიური ექსპერტიზაც ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, ქალმა დაახლოებით ხუთი დღის წინ იმშობიარა.
მასმედიის ინფორმაციით, ქალი 34 წლისაა, ფოთში ცხოვრობს მეუღლესთან და 5 წლის შვილთან ერთად.
წყარო - საქართველოს პროკურატურა