თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩია.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იყო ორი კანდიდატი: ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის ხელმძღვანელი თენგიზ თევზაძე.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარე ისევ გიორგი კალანდარიშვილი გახდა. პირველ კენჭისყრაზე მან საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა (პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 147 დეპუტატის 2/3), ამიტომ საჭირო გახდა მეორე კენჭისყრა. მეორედ ხმის მიცემისას მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ორმა. რეგისტრაცია გაიარა სულ 110-მა დეპუტატმა.
ახალი წესების მიხედვით, რადგან ცესკოს თავმჯდომარე მეორე კენჭისყრით აირჩიეს, სადაც უბრალო უმრავლესობის ხმებია საკმარისი, ის ამ პოსტს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში შეინარჩუნებს.
დეპუტატებმა ასევე მეორე ცდაზე აირჩიეს ცესკოს ორი ახალი წევრი – მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი. მათ მიიღეს, შესაბამისად, 80 და 78 ხმა. ისინიც ცესკოში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ.
ვინ არის გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი 1984 წელს დაიბადა.
დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით.
აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია. აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.
სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
2008 წელს მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.
იყო ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და 2011 წელს ჩამოყალიბებული ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
2021 წელს დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. ასევე 2021 წლის 8 აპრილიდან დღემდე იკავებს ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.