თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება პარლამენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
საქართველოს პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის, პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასა და პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, პარლამენტმა მანდატი ჩამოართვა ყოფილ სპიკერს კახა კუჭავას, რომელმაც პარლამენტი საკუთარი სურვილით დატოვა.
„დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“ – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.
ხოშტარიამ და ნათელაშვილმა მანდატები პლენარული სხდომების სისტემატური გაცდენების გამო დაკარგეს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის შემთხვევაში მიზეზია სასამართლოს განაჩენი თაღლითობის მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.