თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ღამის კლუბები საქმიანობას განაახლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან დაკეტილმა ღამის კლუბებმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიიღეს რეგულაციების დაცვით ღონისძიებების ჩატარების უფლება საახალწლო დღეებში – 31 დეკემბერს, 1, 7, 8, 14 და 15 იანვარს. კლუბებს უფლება მიეცათ ჩაეტარებინათ ექვსი სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც, პანდემიის მოსალოდნელი ახალი აფეთქების გამო, მათ ფუნქციონირება ისევ შეწყვიტეს.
დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბები მუშაობას 5-6 მარტიდან დაიწყებენ, სადაც სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა გააცნო.
აღნიშნული ინფორმაცია ღამის კლუბ Bassiani-ს მფლობელმა ნაჯა ორაშვილმაც დაადასტურა.
„4 მარტიდან საქართველოში ყველა კლუბის კარი იხსნება“, – დაწერა მან თავის Facebook-გვერდზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით, ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა უკვე შესაძლებელია.
საქართველო ებრძვის კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ ახალი შტამით, რომელიც ქვეყანაში გასული წლის ბოლოს - 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონს“ უკავშირდება ზედიზედ სამი ანტირეკორდი, რომელიც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით დაფიქსირდა. ბოლო ასეთი ანტირეკორდი 2 თებერვალი დამყარდა – 26.320 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელმა 31,09%-ს მიაღწია.
როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, „ომიკრონი“ უკვე გახდა დომინანტური შტამი და ყველა გამოვლენილი შემთხვევის დაახლოებით 70%-ს შეადგენს. ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ ფონზე ქვეყანაში ვაქცინაციის სრული კურსი (ორჯერადი აცრა) ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 43%-ს აქვს გავლილი. ბუსტერ-დოზა 198.305 ადამიანს აქვს გაკეთებული.