COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: კლინიკებში მყოფი 6 ათასი პაციენტიდან 95%-მდე აუცრელია

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მალე შემოვა წამალი, რომლის მიღების შემთხვევაშიც ადამიანი 90%-ით იქნება დაცული ჰოსპიტალიზაციისგან.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. გამოჩნდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან მოსახლეობა არ უნდა გაათამამოს.
„შემთხვევების რაოდენობა კვლავაც ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასევე ასაკი 50 წლის ზემოთ, სწორედ იქ გვაქვს გართულებები", – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში მალე შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალიც.
„მალე იქნება წამალი, რომელსაც, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაგიდასტურდათ, მიიღებთ პირველი ხუთი დღე და 90%-ით იქნება ადამიანი დაცული ჰოსპიტალიზაციისგან", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ დროისათვის ჰოსპიტალში მყოფი 6.000 პაციენტიდან 95%-მდე აუცრელია. ხოლო ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ჯერჯერობით ვერ მოიხსნება.

„აცრა, განსაკუთებით ბუსტერი, იცავს „ომიკრონის" შემთხვვევაში გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან. დღეს „ომიკრონთან" საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია", – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.049-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.480.841-ს მიაღწია.
გარდაცვლილია 15,5 ათასზე მეტი ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.