დეპუტატებმა ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელები აირჩიეს

ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა. პარლამენტმა გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღო.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები დაამტკიცა.
ახალი სამსახურების ხელმძღვანელები პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილი სპეციალისტი ლელა ჯანაშვილი, რომელსაც მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ის ახალ თანამდებობაზე საქმიანობას შეუდგება 1 მარტიდან და მისი სამსახური გააკონტროლებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.
რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დეპუტატების გადაწყვეტილებით, მისი ხელმძღვანელი გახდა საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კარლო კაციტაძე. მას მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა.
ისიც მუშაობას დაიწყებს 1 მარტს და მის კომპეტენციაში საჯარო მოხელეთა, მათ შორის, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომელთა დანაშაულის გამოძიება წარმოადგენს.
ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა. დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.
წყარო - საქართველოს პარლამენტი