დაგეგმილი ბედნიერების სტრესი: რვა რამ, რაც ბავშვს ნამდვილად სჭირდება

სწორად ვიქცევით თუ არა, როდესაც ვცდილობთ, რომ ბავშვი მხოლოდ დადებით ემოციებში იყოს – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი-პედიატრი მაია ბუჩუკური განმარტავს
Sputnik
რა არის ბედნიერება და კეთილდღეობა ბავშვისთვის? ვართ თუ არა მართლები, როდესაც ჩვენ, უფროსები ვგეგმავთ ჩვენი შვილებისა თუ შვილიშვილების „ბედნიერ ბავშვობას“, როცა ვცდილობთ მივცეთ ბავშვს ბევრი მხიარული შეგრძნება: დაგვყავს სხვადასხვა სტუდიაში, ფეხბურთზე, ცეკვაზე, მუზეუმში... „ნახე, როგორ მოგეწონება ამ წრეზე სიარული“, „ვიცი, კარგად გაერთობი ჩემი მეგობრის შვილებთან სტუმრობით“... და ა.შ.
თუმცა, დამერწმუნეთ, ხშირად ამ დროს ბავშვები სტრესს უფრო იღებენ, ვიდრე ბედნიერების განცდას.
და, კიდევ, რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს უფროსებს: როდესაც ვცდილობთ ბავშვი იყოს მხოლოდ დადებით ემოციებში, ვცდილობთ ავარიდოთ მას ისეთი ადამიანური განცდები, როგორებიცაა შიში, ნაღველი, სირცხვილი, შფოთვა თუ სხვა, ჩვენ ვუხშობთ ბავშს იმ ფუნდამენტურ ცოდნას, რაც აუცილებელია გაზრდისთვის, მისი თვითრეგულაციისთვის. თვითრეგულაცია კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცვალებად სამყაროში.
მაშ რა სჭირდება ბავშვს ბედნიერებისთვის და კეთილდღეობისთვის? გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2021 წლის ბოლოს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ბავშვთა ცხოვრებისა და კეთილდღეობის დონეს აღწერს მსოფლიოს 41 მაღალშემოსავლიან ქვეყანაში.
ბავშვის აღზრდის ყველაზე პოპულარული რვა მეთოდი: რომელს ირჩევთ თქვენ?
UNICEF-ის კვლევაში გაიზომა და შეფასდა ბავშვთა მდგომარეობის ორმოცი სხვადასხვა მაჩვენებელი ექვსი ძირითადი მიმართულებით:
მატერიალური კეთილდღეობა,
ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაცულობა,
განათლება,
დამოკიდებულება ოჯახში,
თანატოლებთან ქცევა და რისკები,
კეთილდღეობის მიმართ მოზარდების საკუთარი, სუბიექტური აღქმა.
აღმოჩნდა, რომ საერთო კლასიფიკაციაში პირველ ადგილებს იკავებენ ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნები, მათ შორის კი ლიდერობს ნიდერლანდი.

რაშია ნიდერლანდელი ბავშვების ბედნიერების საიდუმლო?

ექსპერტები ამის მიზეზად აღმზრდელობის სტილს მიიჩნევენ.
Gentle Parenting — სხვადასხვა ლიტერატურაში ის თარგმნილია როგორც „რბილი აღზრდა“, „მშვიდი აღზრდა“, „ნაზი მშობლობა“. ეს არ არის ზუსტი წესების კრებული, ეს ნიშნავს ბავშვის აღზრდას თანაგრძნობით, თანადგომით, პატივისცემით, გაგებითა და საზღვრებით.
არ გამოტოვოთ: როგორ განვუვითაროთ 3 წლამდე ბავშვს ინტელექტი: სპეციალური მარტივი თამაშები
ეს არის ავტორიტარული სტილის აბსოლუტურად საწინააღმდეგო მეთოდი. ბავშვებს შეუძლიათ თამამად განიხილონ ყველა საკითხი, რაც მათ აწუხებთ და გამოთქვან საკუთარი აზრი. მშობლები ყოველთვის უსმენენ მათ, პატივს სცემენ ბავშვების აზრს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებითაც. ინტერნეტში უამრავი ლიტერატურაა აღზრდის ამ მეთოდზე.
ერთ-ერთი ასეთია ძალიან საინტერესო წიგნი, რომელიც ცოტა ხნის წინ წავიკითხე — „ყველაზე ბედნიერი ბავშვები მსოფლიოში: როგორ ეხმარებიან ჰოლანდიელი მშობლები საკუთარ შვილებს (და საკუთარ თავს) ნაკლები საქმის კეთებით“.
ეს წიგნი ორმა დედამ დაწერა, რომელთაგან ერთი ამერიკელია, მეორე — ბრიტანელი. ორივე ჰოლანდიაში ცხოვრობს, მეუღლეებთან და შვილებთან ერთად.
წიგნში ისინი გვიყვებიან უამრავ ისტორიას, საუბრობენ პირად გამოცდილებასა თუ აღმოჩენებზე, ასევე დაბრკოლებებზე, რომლებსაც ისინი ჰოლანდიური აღზრდის სამყაროსთან ურთიერთობისას გადააწყდნენ.

რვა მოულოდნელი გაკვეთილი ჰოლანდიელი ბავშვების დედებისგან

1. მიეცით ბავშვს უფლება, იაროს ველოსიპედით წვიმაში
დიახ, ჰოლანდიელები ფიქრობენ, რომ ბავშვები წვიმაში გარეთ ველოსიპედით სეირნობისას იძენენ დამოუკიდებლობას, გამბედაობს, გამძლეობას, რა თქმა უნდა, შესაფერისი აღჭურვილობით. ზოგადად, დღეს ოჯახები სახლში მეტ დროს ატარებენ. ველოსიპედით გარეთ გასვლა კი ძალიან მარტივი, თუმცა ძლიერი გაკვეთილია იმისთვის, თუ როგორ უნდა მოემზადოს ბავშვი თავგადასავლებისთვის, გაუმკლავდეს დაბრკოლებებს და დაინახოს ბუნების ჯადოსნობა მაშინაც, როცა გარეთ იდეალური ამინდი არაა.
რ გამოტოვოთ: რა უნდა შეიძინოთ ერთ წლამდე ბავშვის განსავითარებლად: პედიატრი გირჩევთ
2. ჩამოაყალიბეთ წესები თქვენს შვილებთან ერთად
ჰოლანდიელებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვების ჩართულობა წესების შემოღებისას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს ყველაფრის კეთება შეუძლიათ, რაც უნდათ. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ მონაწილეობის უფლება, აფიქსირებენ საკუთარ აზრს, რაც სირთულეებისა და გამოწვევებისგან იცავს ოჯახს. უნდა არსებობდეს შეთანხმებული დისციპლინა, კონკრეტული და შესრულებადი საზღვრები „მინდასა“ და „შეიძლებას“ შორის.
3. ფოკუსირდით სიმარტივეზე
ჰოლანდიაში დიდ პატივს სცემენ დასასვენებლად კარვებით მოგზაურობას. ეს მათი ცხოვრების წესია. მეტადაა გამახვილებული ყურადღება ბავშვებთან ერთად თამაშზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად არ უჭირთ, ბავშვებთან ერთად თავად ამზადებენ სათამაშოებს, ან სარგებლობენ მეორადი საბავშვო საქონლით.
4. თქვენი შვილი თქვენი გაგრძელება არ არის
ეს იყო ყველაზე დიდი აღმოჩენა პირადად ჩემთვის. ჰოლანდიელებს მთლიანად აქვთ გასიგრძეგანებული, რომ ბავშვები არიან დამოუკიდებელი ადამიანები და არა დედისა და მამის გაგრძლება, მათი აუსრულებელი ოცნებების უპირობო შემსრულებლები.
5. იყავით კომფორტულად საკუთარ თავთან
ჩვენთვის შესაძლოა ცოტა უცნაური იყოს ჰოლანდიელი დედების დამოკიდებულება, რომლებიც საკუთარ წარმატებას სულაც არ ზომავენ იმით, თუ რას მიაღწიეს სამსახურში. რამდენიმე საათით ნაკლები მუშაობა და ამ დროის საკუთარი თავისთვის მოხმარება — მათთვის ეს ბევრად მნიშვნელოვანია.
6. აჩვენეთ შვილებს ქცევის მოდელი, რომელსაც გსურთ მიბაძონ
ვიყოთ მაგალითი შვილებისთვის, მოვუყვეთ ქცევის ისეთ მოდელებზე, რომელსაც გვსურს, მიბაძონ. არ დავივიწყოთ საკუთარი თავი, მუდმივად ვისწავლოთ, ვიზრუნოთ საკუთარ განვითარებაზე და ამ მაგალითით უფრო ბედნიერ, შემოქმედებით, დამოუკიდებელ და ძლიერ ადამიანებს აღვზრდით.
7. ოჯახური ტრაპეზი ძალიან მნიშვნელოვანია
ყველა ჰოლანდიელი ნამდვილად არ არის საუკეთესო კულინარი. ისინი არ ებრძვიან ბავშვებს, რომ მიიღონ ბოსტნეული და მუდმივად არ ითვლიან კალორიებს, ცილებსა და ნახშირწყლებს. ჰოლანდიელებს უყვართ მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება, მაგრამ ოჯახური საუზმის, სადილისა თუ ვახშმის დრო მხოლოდ ოჯახისთვისაა განკუთვნილი. ეს კი ნამდვილად დასაფასებელია.
8. ისაუბრეთ ბავშვებთან სექსუალურ განათლებაზე
პირადად მე ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ჰოლანდიელებს ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომა აქვთ სექსუალური განათლებისადმი. ალბათ საჭიროა, რომ „ყინული გალღვეს“, რათა მშობლებსა და შვილებს შორის, როცა ამის დრო მოვა, სექსის თემაზე საუბრები კომფორტული იყოს.
დაბოლოს, ყველა კულტურას თავისი უნიკალურობა და ცხოვრების განსხვავებული სტილი აქვს. აღმზრდელობითი მეთოდებიც არაა გამონაკლისი. თუ ერთ კულტურაში რაღაც მეთოდი ისტორიულად დამკვიდრებული და გამართლებულია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესოა.
შესაძლებელია სხვა კულტურაში იგივე მეთოდებმა არც ისე ეფექტურად იმუშაოს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვისწავლოთ, გავიზიაროთ და მივცეთ ბავშვებს საუკეთესო, რათა ისინი იყვნენ ბედნიერები, გაიზარდონ თავდაჯერებულები, გამძლენი და თამამად დაიკავონ ადგილი სამყაროში.