ჩოგბურთი: ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში პირადი რეკორდი დაამყარა

გორგოძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა არა მხოლოდ ინდივიდუალურ თანრიგში, არამედ წყვილებშიც
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ქალი ეკატერინა გორგოძე WTA-ს განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და 532 ქულით 129-ე პოზიციაზეა. ეს გორგოძის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
აღსანიშნავია ისიც, რომ გორგოძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა არა მხოლოდ ინდივიდუალურ თანრიგში, არამედ წყვილებშიც. ამ დროისთვის ქართველს 1453 ქულა აქვს და წყვილების თანრიგში ის 56-ე ადგილს იკავებს.
გორგოძე მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა სიაში საკუთარი პოზიციის გაუმჯობესებას ამ კვირაშივე შეძლებს, თუკი წარმატებით იასპარეზებს ანტალიაში (თურქეთი) ITF-ის სერიის ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
გორგოძემ პირველი წრე უკვე დაძლია და ჩინელი ლუ ცზინი ორ სეტში დაამარცხა - 6:1, 7:6. სხვათა შორის, ამ ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი პირველ ნომრად არის განთესილი.
1/8 ფინალში გორგოძე დაუპირისპირდება ანასტასია ზოლოტარიოვა (რუსეთი) - კამილა როზატელოს (იტალია) წყვილის გამარჯვებულს.