ბრიტანელი აქციონერი TBC Bank-ის დამფუძნებლებისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

აქციონერმა უკვე დაიქირავა ადვოკატი საქართველოში საკუთარი ინტერესების დასაცავად და ბანკის მენეჯმენტის მოქმედებებს აკვირდება
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი იან მალკოლმ ჰოკი ბანკის მენეჯმენტს მოუწოდებს, კომპანიისთვის მიყენებული ზარალი 40 მილიონი დოლარის ოდენობით ბანკის აქციონერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აანაზღაურებინოს.
იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში.
„აქციების შეძენით მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენი დანაზოგი ვანდეთ თიბისი ბანკს და ვიმედოვნებთ, რომ არ შევმცდარვართ არჩევანში და ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს აქციონერ მამუკა ხაზარაძისა და აქციონერ ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება და მათი არალეგალური სქემებიდან ბანკისთვის და მისი აქციონერებისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება“, - ციტირებს ჰოკის განცხადებას ტელეკომპანია „იმედი“.
ჰოკის თქმით, საუბარია ბანკისთვის მიყენებულ ზარალზე 40 მილიონი დოლარის ოდენობით.
აქციონერმა უკვე დაიქირავა ადვოკატი საქართველოში საკუთარი ინტერესების დასაცავად. მან აღნიშნა, რომ მისი შემდგომი ნაბიჯები ბანკის მენეჯმენტის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
არც ბანკის წარმომადგენლებს, არც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აქციონერის პრეტენზიებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

საქმის დეტალები

საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი.
იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.