თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთის ელჩმა უკრაინაში ეტიენ დე პონსენმა უკრაინაში მყოფ თანამემამულეებს მოუწოდა, ქვეყანაში დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, მოიმარაგონ საკვები, წყალი და თბილი ტანსაცმელი, მაგრამ დიპლომატს უკრაინიდან წასვლის რეკომენდაცია არ გაუცია.
როგორც ელჩი წერს, დაძაბული ვითარების გამო განახლებული სამოგზაურო რეკომენდაციების თანახმად, ახლა ფრანგ მოგზაურებს ურჩევენ, გადადონ უკრაინაში ყველა მოგზაურობა და არა მარტო მეორეხარისხოვანი.
ამასთან დე პონსენმა უკრაინაში მყოფ ფრანგებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და ურჩია, ყველანაირი საბუთი გამუდმებით მზად ჰქონდეთ.
„ჩვენ ასევე გაძლევთ რეკომენდაციას, პრაქტიკული მიზნებისთვის მოიმარაგოთ წყალი, საკვები და თბილი ტანსაცმელი. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენი ავტომობილის ავზი საწვავით სავსეა და გარკვეული დამატებითი მარაგიც გაქვთ“, — აცხადებს ელჩი.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მიუხედავად ასეთი რეკომენდაციებისა, საფრანგეთი ჯერ არ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ უკრაინა დატოვონ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინიდან თავისი მოსამსახურეების ორ დღეში გაყვანა გადაწყვიტა. საკუთარი დიპლომატების გაწვევა დაიწყო იაპონიამაც. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის სავარაუდო თარიღად 16 თებერვალი დაასახელა.
თავად რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამგვარ გეგმებს გამორიცხავს. კრემლმა არაერთხელ უარყო „აგრესიული ქმედებები“ და აღნიშნა, რომ არავის ემუქრება და არც არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ხოლო აგრესიის შესახებ განცხადებები მხოლოდ ნატოს ინტერესებს ემსახურება, რათა ეს საბაბად გამოიყენოს და უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა განათავსოს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.