მიწისძვრის შედეგად დმანისში ათობით სახლი დაზიანდა

კვირას, საღამოს 22:25 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტში კვირას მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სკოლის შენობა და 20-მდე სახლი დაზიანდა. სახლებსა და სოფელ განთიადის საჯარო სკოლას ბზარები გაუჩნდა, იუწყება ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.
განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. სკოლა დაელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გაარკვევს – დაექვემდებარება თუ არა შენობა რეაბილიტაციას, თუ მოხდება მისი დემონტაჟი.
იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზით დემონტაჟის აუცილებლობა გამოვლინდება, სოფელ განთიადის მოსწავლეები და მასწავლებლები მეზობელი სოფლების სკოლებში გადანაწილდებიან. მათ ტრანსპორტირებას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექროენერგიის მიწოდება. თუმცა შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად შეფერხება დროულად აღმოიფხვრა.
დმანისის მუნიციპალიტეტში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. ადგილობრივ მოსახლეობას ზარალს ხელისუფლება აუნაზღაურებს.
გუშინ, 13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან იყო. ამას ღამის განმავლობაში კიდევ ექვსი, შედარებით მცირე ძალის მიწისქვეშა ბიძგები მოჰყვა.