თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებს, რომ კიევში დარჩენილი ამერიკელი ჩინოვნიკები ორი დღის განმავლობაში გაიყვანოს ქვეყნიდან, იუწყება ტელეარხი CBS წყაროებზე დაყრდნობით.
„როგორც CBS News-სთვის გახდა ცნობილი, [ჯო ბაიდენის] ადმინისტრაცია ემზადება, რომ მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში გაიწვიოს კიევიდან ყველა ამერიკელი მოსამსახურე“, — ნათქვამია ტელეარხის Twitter-შეტყობინებაში.
მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ არ ხურავს საელჩოს კიევში, მაგრამ ამცირებს თანამშრომლების რაოდენობას, მათ შორის დიპლომატების ნაწილის ლვოვში გადაყვანის გზით.
აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან თავისი დიპლომატების გაყვანის შესახებ წუხელ ასევე განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ტოკიო კიევში თანამშრომლების მცირე რაოდენობის დატოვებას აპირებს და ამასთან მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა.
ეს გადაწყვეტილება იაპონიის საგარეო უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის სავარაუდო თარიღად 16 თებერვალი დაასახელა.
თავად რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამგვარ გეგმებს გამორიცხავს. კრემლმა არაერთხელ უარყო „აგრესიული ქმედებები“ და აღნიშნა, რომ არავის ემუქრება და არც არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ხოლო აგრესიის შესახებ განცხადებები მხოლოდ ნატოს ინტერესებს ემსახურება, რათა ეს საბაბად გამოიყენოს და უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა განათავსოს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.