ფეხბურთი U-17: საქართველოს ნაკრებმა მოლდოვის გუნდი გაანადგურა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგური ტურნირი „განვითარების თასი“ ორი მოგებით და სამი წაგებით დაასრულა
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა მინსკში „განვითარების თასის“ დასკვნით მატჩში მოლდოვა ანგარიშით 7:0 გაანადგურა.
დაპირისპირების ბედი უკვე პირველი ტაიმის შუაში იყო გადაწყვეტილი, როდესაც მოლდოვას კარში სამი ბურთი მოხვდა. თავი გამოიჩინეს აკაკი გიუნაშვილმა, გიორგი ტაბატაძემ და ამინ კარაევმა.
შეხვედრის მეორე ნახევრის სცენარი პირველისგან დიდად არ განსხვავდებოდა. გიორგი ჩიტაურის შეგირდები კვლავ ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, შედეგად მეტოქემ კიდევ ოთხი გოლი გაუშვა. კარაევმა და ტაბატაძემ თითო დუბლი მიითვალეს, თითო-თითო გოლი კი შეცვლაზე გამოსულებმა დავით გოგიჩაიშვილმა და ლაშა გადილიამ გაიტანეს.
ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგური ტურნირი „განვითარების თასი“ ორი გამარჯვებით და სამი მარცხით დაასრულა. მანამდე ქართველმა ფეხბურთელებმა მოუგეს „მინსკს“ (1:0) და ისრაელის, ბელარუსისა და უზბეკეთის ნაკრებებთან ერთნაირი ანგარიშით 0:3 წააგეს.
ქართველმა ფეხბურთელებმა 2022 წლის „განვითარების თასში“ მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მომზადების ფარგლებში, რომელიც 23-29 მარტს გაიმართება. ტურნირის დაწყებამდე ჩიტაურის აღსაზრდელები კიდევ ორ ტესტ-მატჩს მონტენეგროსთან და მალტასთან გამართავენ.
ფეხბურთი U17: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა >>
ევროპის 2022 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საქართველოს ნაკრები ჯგუფში გერმანიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში რვა ჯგუფად დაყოფილი 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის ფინალურ ნაწილში გავლენ თითოეული კვარტეტის გამარჯვებულები, ასევე შვიდი საუკეთესო მეორე ადგილოსანი გუნდი.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 16 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება ისრაელში, რომელიც კვალიფიკაციისგან გათავისუფლებულია.