თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ფარავნის უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთი).
ამასთან, ამავე მონაკვეთზე, ქარის და ნამქერების გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ასევე თავისუფალია ავტოტრანსპორტის მოძრაობა კალა-უშგულის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 170-186-ე კმ მონაკვეთი).
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მეწყერული პროცესების გააქტიურების შედეგად, ძლიერ დაზიანდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის შესაბამისი სპეციალისტები მონაკვეთს ათვალიერებენ და მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ, რის შემდეგაც დაიგეგმება ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის დროებითი ღონისძიებები.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზას, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ხორციელდება ცალმხრივად.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი