თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ტყიბულში, შპს „საქნახშირის“ ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა დასკვნით ფაზაშია, ინსპექტირების შედეგად კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და ადამიანური შეცდომები გამოვლინდა, ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აფეთქება მინდელის შახტში 30 იანვარს, გვიან საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს პოლიცია. ამასთან, „საქნახშირში“ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს იკვლევს და რომელმაც პირველადი დასკვნა უკვე გამოაქვეყნა.
როგორც შრომის ინსპექცია იუწყება, ინსპექტირების შედეგად არაერთი დარღვევა გამოვლინდა.
„მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება. შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა.
„შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ვინაიდან კომპანიამ აამოქმედა დამატებითი უსაფრთხოების ზომები, მას მუშაობის აღდგენის უფლება მიეცა, თუმცა შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს მკაცრ კონტროლს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა სამუშაო პირობები.
გავრცელებული ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესისა და მოკვლევის ანგარიში საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
კომპანია „საქნახშირის“ პირველადი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გახდა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და სამთო დისპეტჩერის მიერ აფეთქებაზე ნებართვის გაცემა. კომპანიის განცხადებით, ოსტატ-ამფეთქებლებმა „საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების სტანდარტი“ დაარღვიეს. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი საქმის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.
ამჟამად ტყიბულში ორი მაღარო მუშაობს – მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი გაჩერებულია 2018 წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მიზეზით იქ მუშები დაიღუპნენ.
წყარო - შრომის ინსპექცია