თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ცნობილია ოფიციალური მონაცემები: რუსი მოციგურავის, კამილა ვალიევას დოპინგ-სინჯი, რომელიც 25 დეკემბერს აიუღეს მას, დადებითი გამოდგა ტრიმეტაზიდინზე, თუმცა სპორტსმენს დროებითი შეჩერება მხოლოდ 9 თებერვალს მოუხსნეს, ნათქვამია ტესტირების საერთაშორისო სააგენტოს (ITA) რელიზში.
ვალიევა გუნდურ ტურნირში იყო რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა პეკინის ოლიმპიადაზე. მაგრამ დაჯილდოების ცერემონია დროულად არ შედგა. Insidethegames-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯილდოების ცერემონიამ ვალიევას დოპინგის ტესტის გამო დაიგვიანა.
„ვალიევას დოპინგ-ტესტმა, რომელიც 2021 წლის 25 დეკემბერს ჩატარდა სანქტ-პეტერბურგში ფიგურულ სრიალში რუსეთის ჩემპიონატზე, აკრძალული ნივთიერება ტრიმეტაზიდინის შემცველობა აჩვენა“, — ნათქვამია განცხადებაში. — „შედეგი 8 თებერვალს მოხსენდა WADA-ში აკრედიტებულ ანტიდოპინგურ ლაბორატორიას სტოკჰოლმში. ამის შემდეგ სპორტსმენი რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ (RUSADA) პირობითად ჩამოაშორა შეჯიბრს“.
ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მიხედვით, 15 წლის ვალიევას „დაცული პირის“ სტატუსი აქვს, რაც 16 წლამდე ასაკის პირებს ეხება. ინფორმაცია ამ სტატუსის მქონე სპორტსმენის წინააღმდეგ საქმის გახსნის შესახებ არ ექვემდებარება სავალდებულო გამჟღავნებას, განაცხადეს RUSADA-ში.
თუმცა, იმის გამო, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ არ გამოავლინა პატივისცემა სპორტსმენის ამ სტატუსის მიმართ და არაოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა მონაცემები, საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გამო, ITA აცნობიერებს ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელების აუცილებლობას“, — ნათქვამია განცხადებაში.
შედეგად, სპორტსმენმა გააპროტესტა შეჯიბრებისთვის მისი დროებით ჩამოშორება და 9 თებერვალს RUSADA-მ შეზღუდვის მოხსნა გადაწყვიტა, რითაც ვალიევას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გაგრძელების უფლება მიეცა.
ამასთან ITA-ში განაცხადეს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი RUSADA-ს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. საქმე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) განიხილება. ფიგურულ სრიალში გუნდური ტურნირის საბოლოო შედეგებზე გადაწყვეტილებას მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი (ISU) მიიღებს ვალიევას საქმის სრული განხილვის შემდეგ.
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ ტრიმეტაზიდინი 2014 წლიდან შეიტანა პროფესიონალი სპორტსმენებისთვის აკრძალული წამლების სიაში, როგორც დოპინგი.