თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში აშშ-ის მოქალაქის დაკარგვის გარემოებას არკვევს, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ უწყების პრეს-სამსახურში.
აშშ-ის 39 წლის მოქალაქე ალექს ლოიოსს მისი ახლობლები და ოჯახის წევრები თბილისში მესამე დღეა ეძებენ.
მამაკაცის გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია დაკარგულის ახლობლებმა გაავრცელეს.
„გთხოვთ დაგვეხმაროთ უცხო ქვეყნის მოქალაქის ალექსის პოვნაში, რომელიც თბილისში დაიკარგა, ან გვირჩიოთ, თუ ვის მივმართოთ. მადლობა ყველას“, – დაწერა Facebook-ზე მარიამ ბაღიშვილმა.
ბაღიშვილის ინფორმაციით, მამაკაცი მეგობრებმა ბოლოს 8 თებერვალს ნახეს, რის შემდეგაც იგი კონტაქტზე აღარ გამოსულა.
შსს-ს მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს 163 ადამიანი დაიკარგა, მათგან 112 იპოვეს, 51 კი კვლავ იძებნება.
უწყების სტატისტიკის თანახმად, დაკარგულებს შორისაა საქართველოს 159, აზერბაიჯანის ორი და მოლდოვის ორი მოქალაქე.
უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს 159 მოქალაქიდან 12 გარდაცვლილი იპოვეს. ამასთან, გასულ წელს საქართველოში მოლდოვის ორი მოქალაქე დაიკარგა, ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს.
2021 წელს ქვეყანაში 42 არასრულწლოვანი დაიკარგა, მათ შორის ექვსი ამ დრომდე იძებნება.